ცესკო-ში ზურაბ ხარატიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობენ

ცესკო-ში ზურაბ ხარატიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობენ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობენ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, ამ ეტაზე ის ხარატიშვილის გადადგომის მიზეზებზე ვერ ისაუბრებს. 

"15 აგვისტოს თავად აპირებს ზურაბ ხარატიშვილი განცხადების გაკეთებას იმის შესახებ, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე როგორც ცესკო-ს სპიკერი მის პირად გეგმებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ", - აღნიშნა აზარაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პარლამენტს განცხადებით დღეს მიმართა, რომელიც პარლამენტის კანცელარიაში უკვე გადაგზავნილია.

აზარაშვილის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, პარლამენტმა ცეესკო-ს თავმჯდომარის გადადგომის საკითხზე გადაწყვეტიება 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიიღოს. თუ პარლამენტმა ამ ვადაში ვერ მიიღო გადაწყვეტილება, თავმჯდომარე ავტომატურად გადამდგარად ჩაითვლება ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. მის ფუნქციებს კი ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მისი მოადგილე დავით კირთაძე შეასრულებს.

მისივე თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 დღისა, პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ, ცესკო-ს 3 კანდიდატურას წარუდგენს.

ამასთან, ზურაბ ხარატიშვილი ამ დროისთვის ოფიციალურად შვებულებაში იმყოფება.

ეკა აზარაშვილის განმარტებით, თავმჯდომარეს ცესკო-ში პარტიების მიერ დანიშნული პირები ირჩევენ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, თავმჯდომარეს კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები 5 დღის ვადაში აირჩევენ.

თუმცა, თუ აღნიშნული წესით ცესკო-ში გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, მაშინ იმავე კანდიდატურებისგან ცესკო-ს თავმჯდომარეს პარლამენტი 7 დღის ვადაში ირჩევს.