კანონის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარეს კომისიის ოპოზიციური წევრები ირჩევენ

კანონის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარეს კომისიის ოპოზიციური წევრები ირჩევენ

საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის შესარჩევად, პრეზიდენტმა კანდიდატები ცესკო-ს ოპოზიციურ ფრთას უნდა წარუდგინოს. 

თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, კანონი შემდეგ წესებს ადგენს: თავმჯდომარე აირჩევა პრეზიდენტის წარდგინებით, ცესკო-ში პარტიების მიერ დანიშნული წევრების (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) ან პარლამენტის მიერ.

კანონის თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – შეწყვეტიდან არა უგვიანეს 15 დღისა, პრეზიდენტი ადგილობრივ არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან კონსულტაციების შემდეგ, თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკო-ს სამ კანდიდატურას წარუდგენს.

თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას კანდიდატურების წარდგენიდან 5 დღის ვადაში იღებენ ცესკო-ში პარტიების მიერ დანიშნული წევრები - გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა.

ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა ფარულია. კენჭისყრაში მონაწილე ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. სამივე კანდიდატს ერთდროულად ეყრება კენჭი. ცესკო-ს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ რომელიმე კანდიდატმა მიიღო 4 ან 4-ზე მეტი ხმა.

თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში ცესკო-ს თავმჯდომარე ვერ აირჩა, წარდგენილი 3 კანდიდატურიდან პარლამენტი, პრეზიდენტის წარდგინებით, იმავე კანდიდატურებისგან, 7 დღის ვადაში ირჩევს ცესკო-ს თავმჯდომარეს.