ბაჩო ახალაიას ადვოკატი:  პროკურორმა ყველაზე უსუსური და სუსტი დასკვნითი სიტყვა წარმოადგინა

ბაჩო ახალაიას ადვოკატი: პროკურორმა ყველაზე უსუსური და სუსტი დასკვნითი სიტყვა წარმოადგინა

ბაჩო ახალაის სასამართლო პროცესზე პროკურორმა შაქრო ზაალიშვილმა დასკვნითი სიტყვა წაიკითხა. "ჩვენ მოვითხოვეთ გამამატყუნებელი განაჩენი, წარმოვადგინეთ დასკვნითი სიტყვა, რომელიც იყო უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. საქმეზე არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებზეც აუდიო ჩანაწერებიც არსებობს და მიმაჩნია, რომ საკმაოდ დიდი საფუძველია იმისა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს სასამართლომ", - განაცხადა პროკურორმა შაქრო ზაალიშვილმა.

პროკურორის დასკვნას არ ეთანხმება დაცვის მხარე. როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, ბრლადების მხარის არგუმენტები უსუსური და სუსტი იყო.

"პროკურორმა ყველაზე უსუსური და სუსტი დასკვნითი სიტყვა წარმოადგინა, რომელიც არ იყო არგუმენტირებული. მარტო ბრალის ფორმულირება და მოწმეების გვარები მეორდებოდა ათჯერ. დასკვნით სიტყვაში ისეთი მტკიცებულებები მოიყვანა პროკურორმა, რომელიც სასამართლოზე არ გამოქვეყნებულა. მან ასევე დაამახინჯა მოწმეთა ჩვენებები", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

პროკურორის შემდეგ სასამართლომ მოისმინა, ერთ-ერთი ბრალდებულის, ვლადიმერ ზანგიევის ადვოკატის დასკვნით სიტყვა, შესვენების შემდეგ კი იგეგმება დანარჩენი ადვოკატების დასკვნითი სიტყვით გამოსვლა. სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს კიდევ ორ ადვოკატს მოუსმენს.

დღევანდელ პროცესზე სასამართლო განიხილავს ბრალდების საქმეს, რომელიც შეეხება ბაჩო ახალაიას, ალექსი დავითაშვილის, მამუკა აბაშიძის, დავით ვეკუას, ვლადიმერ ზანგიევის, რობერტ სუთიძის და დავით გიორგაშვილის საქმეს.

საქმე ეხება 2012 წლის აგვისტოში მომხდარ ფაქტს, როდესაც ბრალდების მხარის მტკიცებით, ამ დროს პოლიტიკური შეხედულებების გამო ბაჩო ახალაიას ორგანიზებით 7 ადამიანის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი და არადამიანური მოპყრობა და ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა.