თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დღეს 50–მდე მოქალაქეს მიიღებს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დღეს 50–მდე მოქალაქეს მიიღებს

გიორგი მუსხელიშვილი ღია კარის დღის ფარგლებში თბილისელებს დღეს პირველად მოუსმენს. საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ წინასწარ ჩაწერილი მსურველების მიღება 11 საათიდან დაიწყო.

"პრობლემები ძირითადად არის სოციალური სახის, ვინაიდან ამდენი წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა და ეს ნათლად ჩანს იმ ადამიანების მონათხრობიდანაც, ვისაც საკრებულოში ყოელდღიურად ვხვდებით. ზოგი უნივერსიტეტში სწავლის საფასურს, ზოგი დენის გადასახადს ვერ იხდის, ჭერი თავზე ექცევათ და უსახლკაროდაა დარჩენილი ნახევარი საქართველო. პრობლემების გაანალიზების შემდეგ მივმართავთ თბილისის მერიას, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს, რომ დროებით მაინც მოაგვარონ მათი პრობლემები, ვგულისხმობ ყველაზე გაჭირვებულების ქირით უზრუნველყოფას. უნდა ითქვას, რომ ამხელა რესურსი სახელმწიფოს არა აქვს, ამიტომ ვცდილობთ შერჩევით, მართლა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფს დავუდგეთ გვერდით"", - აცხადებს გიორგი მუსხელიშვილი.

მოქალაქეების მიღება დღის ბოლომდე გაგრძელდება. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ღია კარის დღე დასრულდება მაშინ, როდესაც ბოლო მოქალაქე დატოვებს საკრებულოს შენობას.

გიორგი მუსხელიშვილი მოქალაქეებს ამიერიდან ყოველ ორშაბათს მიიღებს, სამშაბათს და ოთხშაბათს თბილისელებს საკრებულოს თავმჯდომარის კიდევ ორი მოადგილე, გიორგი ტყემალაძე და ჯაბა სამუშია მოუსმენენ. ხუთშაბათს ღია კარის დღის ფარგლებში მოქალაქეები საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილს შეხვდებიან.