მთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილის ადვოკატისთვის დასკვნის გადაცემას ადასტურებს

მთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილის ადვოკატისთვის დასკვნის გადაცემას ადასტურებს

26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით ჩატარებული დასკვნა ვანო მერაბიშვილის ადვოკატს ნამდვილად პროკურატურამ გადასცა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ დასკვნაში ცალკეული ასპექტებია შეფასებული, თუმცა რაიმე ცალსახა მითითება არ არის.

"ვერ გეტყვით, რომ ეს დასკვნა ან ერთი მხრიდან, ან მეორე მხრიდან რამეს ცვლის. ამის შეფასებას მე ვერ გავაკეთებ. ეს არის ცალკეული პოზიციების დახასიათება, სადაც ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთება არავითარი შედეგი. მე ვადასტურებ იმას, რომ გიორგი ჩივიაშვილს პროკურატურამ ნამდვილად გადასცა ეს დასკვნა" , – აღნიშნა პაიჭაძემ.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით ჩატარებული დასკვნა მას პროკურატურამ გადასცა.

მისი თქმით, აღნიშნული დასკვნა 2011 წელსვე გადაეცა შსს. "მიუხედავად ჩვენი თხოვნისა გადმოეცათ ეს დასკვნა არ დაკმაყოფილდა. მხოლოდ ახლახან მოხერხდა მთავარი პროკურატურის მიერ ამ დასკვნის გადმოცემა, სადაც ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული, თუ რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს", – აღნიშნა ჩივიაშვილმა.

ამ დასკვის საფუძველზე ადვოკატი მოითხოვს, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის დევნა ან მოხდეს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა.

დღეს "თავისუფალმა ზონამ" 2011 წლის 26 მაისის შესახებ ამერიკული მხარის დასკვნა გაავრცელა. ორგანიზაციის ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელიც მათ მოიპოვეს, აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებითა და დაფინანსებით ამერიკულმა ფირმამ "დენსუსმა" მოამზადა.

დასკვნაში ნათქვამია, რომ 26 მაისის ღამეს, ოფიცერთა უდიდესი უმრავლესობა მოქმედებდა დისციპლინირებულად, მუდმივად ასრულებდა ბრძანებებს და იყენებდა მიზნის მისაღწევად პროპორციულ და აუცილებელ ძალას.