გიორგი ჩივიაშვილი ვანო მერაბიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს

გიორგი ჩივიაშვილი ვანო მერაბიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს

ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი მოითხოვს, რომ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს ან, უკიდურეს შემთხვევაში, აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდოს. 

როგორც გიორგი ჩივიაშვილმა შოთა უტიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ამერიკის სახელწიფო დეპარტამენტის დავალებით და დაფინანსებით 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ მიტინგის ორგანიზატორები პროვოკაციებს აწყობდნენ. ჩივიაშვილის განცხადებით, დასკვნა საქმეში უკვე დევს, როგორც მტკიცებულება.

"ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მოხდეს 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მერაბიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ან მისთვს გირაო უნდა იყოს შეფარდებული", - აღნიშნა გიორგი ჩივიაშვილმა.

"თავისუფალი ზონამ" 2011 წლის 26 მაისის შესახებ ამერიკული მხარის დასკვნა დღეს გაავრცელა. ორგანიზაციის ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელიც მათ მოიპოვეს, აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებითა და დაფინანსებით ამერიკულმა ფირმამ "დენსუსმა" მოამზადა.

დასკვნაში ნათქვამია, რომ "რუსთაველის გამზირის ბლოკირების მიზნით, მომიტინგეებმა გამოიყენეს მეტალის ბარიერები, რომლებიც მეტალის ტროსით გადააბეს ერთმანეთს და მიამაგრეს ქუჩის ბოძებს. ეს საქცილი შეიძლება გავიგოთ როგორც პირდაპირი პროვოკაცია მომიტინგეთა მხრიდან.

ოპერაციის დაწყების წინ პოლიციამ მომიტინგეებს შესთავაზა მიტინგის სხვა ადგილას გადატანა. ოპერაცია დაიწყო იმით, რომ პოლიციელთა ერთმა ჯგუფმა გადაჭრა ტროსები და დაშალა ბარიერები პარლამენტის სამხრეთ მხარეს რათა მომიტინგეებს შეძლებოდათ გაცლა. ამის შემდეგ პოლიციის მთავარი ძალები დაიძრნენ ჩრდილოეთიდან. ადგილზე მყოფი 1000 მომიტინგიდან 200- მა წინააღმდეგობა გაუწია. მომიტინგეები შეიარაღებული იყვნენ ფარებითა და ხელკეტებით. არსებობს მტკიცებულებები რომ მათ ჰქონდათ მოლოტოვის კოქტეილები. არსებობდა ინფორმაცია, რომ მომიტინგეთა შორის ცალკეულ პირებს ლეგალურად ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი.

რამდენიმე მანქანა რომლებიც ეკუთვნოდა პროექტის ორგანიზატორებსა და მათ მცველებს დაიძრა თავისუფლების მოედნისაკენ და შეხვდა საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ დაკავების ჯგუფს, ჯგუფის მიზანი იყო კანონდამრღვევთა დაკავება. მანქანები არ გაჩერდნენ, გაიარეს პოლიციის რიგებში. შედეგად დაშავდა 5 პოლიციელი, გარდაიცვალა 1 პოლიციელი და სამოქალაქო პირი. ოპერაციის ტაქტიკური გეგმა იყო სრულფასოვანი და ის გაცნობილი ჰქონდა დანაყოფების მეთაურებს.

"უნდა ვაღიაროთ, რომ 26 მაისის ღამეს ოფიცერთა უდიდესი უმრავლესობა მოქმედებდა დისციპლინირებულად, მუდმივად ასრულებდა ბრძანებებს და იყენებდა მიზნის მისაღწევად პროპორციულ და აუცილებელ ძალას. ეს ნათლად დადასტურებულია", " – ნათქვამია დასკვნაში.