ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი 22 აგვისტომდე გაირკვევა

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი 22 აგვისტომდე გაირკვევა

დარეგისტრირდება თუ არა ცესკო-ში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე სარეფერენდუმო საკითხი, 22 აგვისტომდე გახდება ცნობილი. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით, გუშინ ცესკო-ში შუალედური განხილვა გაიმართა, სადაც დაზუსტდა, საინიციატივო ჯგუფის მხრიდან ხომ არ არის რაიმე ცვლილება კითხვის დასმის ფორმულირებაში.

"ჩვენი კითხვა არის ასეთი: გსურთ თუ არა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 2014 წელს. ჩვენი პასუხი იყო, რომ ძალაში რჩება ასეთი ფორმულირება. საბოლოო პასუხს მოგვცემენ 22 აგვისტომდე", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

მისივე განმარტებით, რეფერენდუმის ჩასატარებლად უნდა შეგროვდეს 200 ათასი ხელმოწერა და შემდეგ პრეზიდენტი ნიშნავს ან არ ნიშნავს რეფერენდუმს.

"ამ პრეზიდენტის ვადაში ეს არ მოესწრება, რადგან სამი თვის განმავლობაში უნდა შეგროვდეს ხელმოწერები. საკითხს შემდგომი პრეზიდენტი განიხილავს ამას", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

რაც შეეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას, ნიკოლაიშვილის განცხადებით, ამის მიზეზი ის არის, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები "არანორმალურ და არაორდინალურ გარემოში ჩატარდა".

"ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება იყო, მაგრამ ნორმალურ ვითარებაში არ ჩატარებულა. ამ არჩევნებში ვინც კი ხმა მისცა "ქართულ ოცნებას" ან "ნაციონალურ მოძრაობას", ეს იყო ფაქტობრივად გადარჩენის ინსტიქტით მიცემული ხმა და არა - რეალურად გაანალიზებული და პოლიტიკურ ორიენტაციებზე დაფუძნებული. ისინი, ვინც "ოცნებას" აძლევდა ხმას, ფიქრობდა, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობა" დარჩება, ჩვენი გადარჩენა არ იქნება და ჩვენ ციხე ან სიკვდილი მოგველის. ასევე, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" მისცა ხმა, იქედანაც გადარჩენის საკითხი იყო. უფრო მეტი იყო ისეთი, ვინც შიშის და მოსყიდვის გამო მისცა ხმა. აქედან გამომდინარე, დღეს უკვე არ არის ვითარება, რომ ვიღაცამ შიშით და სიკვდილ -სიცოცხლის ზღვარზე მისცეს ხმა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ბოლო არჩევნები არანორმალურ და არაორდინალურ ვითარებაში ჩატარდა, დღეს უკევ დალაგებულ სიტუაციაში უფრო ადეკვატურად აისახება ხალხის განწყობა პარლამენტში" ,- განაცხადა ნიკოლაიშვილმა.