სისულელეა გავრცელებული აზრი, რომ ომის დროს სამხედრო გადაწყვეტილებებს ვიღებდი

სისულელეა გავრცელებული აზრი, რომ ომის დროს სამხედრო გადაწყვეტილებებს ვიღებდი

სრული აბსურდი და სისულელეა გავრცელებული აზრი, თითქოს მე სამხედრო გადაწყვეტილებებს ვიღებდი, - ამის შესახებ თბილისის მერი გიგი უგულავა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას აცხადებს. "ეს კითხვები ალბათ იმიტომ გაჩნდა, რომ ყოველდღე ცხელ წერტილში ვიყავი. აბა სად უნდა ვყოფილიყავი, როდესაც მთელი თბილისის სასწრაფო დახმარება და სამაშველო სახანძრო სამსახური საომარ პროცესს ემსახურებოდა?" - აღნიშნავს უგულავა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ცნობილ მორატორიუმზე განცხადება, არა მან, არამედ სანაკოევმა გააკეთა.

"სანაკოევი ჩემს გვერდით იდგა და ვინაიდან ქართულად ვერ ლაპარაკობდა, რუსულად გააკეთა განცხადება. მე მას მეგობრულად დავეხმარე და იგივე განცხადება ქართულად გავაკეთე. თარჯიმნები უნდა გვეძებნა?" - აცხადებს გიგი უგულავა.

ამასთან, ის უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყველაფრის დასრულების შემდეგ ცხინვალში აქცია უნდა ჩატარებულიყო, რისთვისაც დროშები და პლაკატები ყვითელ ავტობუსებში იყო მობილიზებული.

"ამ სპეკულაციას პირველად ვიგებ თქვენგან. იქ შევსულიყავით და ვისაც უნდა იმას ჩაეტარებინა აქცია. არ ვიცი რა გიპასუხოთ. რომელი ქანთარია მე ვარ, დროშა სადმე ჩამერჭო. ეს ჭორია და მეტი არაფერი", - აღნიშნავს თბილისი მერი.

ამასთან, იგი ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ცხელ წერტილში მედიის მუშაობას პირადად უწევდა კოორდინირებას.

გიგი უგულავას მიაჩნია, რომ ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველომ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, არათუ მავნებლობა, არამედ პირდაპირ ქვეყნის ღალატია.

ინტერვიუში გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილზეც საუბრობს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს რუსულ პროექტს არ დაარქმევდა, თუმცა რაღაც კავშირები რუსეთთან ალბათ აქვს და ამას არც მალავს.