ბათუმი-მოსკოვის რეისის დაგვიანების გამო ბავშვები შეუძლოდ გახდნენ

ბათუმი-მოსკოვის რეისის დაგვიანების გამო ბავშვები შეუძლოდ გახდნენ

ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით ფრენის დაგვიანების გამო ბავშვები შეუძლოდ გახდნენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მოქალაქე ხათუნა შერვაშიძემ აცნობა. ხათუნა შერვაშიძის თქმით, 6 და 8 წლის და-ძმა აბულაძეები ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავში გუშინ 16:00 საათის შემდეგ იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, უჰაერობის გამო ბავშვებს ღებინება დაეწყოთ და ამჟამად ბავშვთა საავადმყოფოში არიან მოათავსებულნი:

"ბავშვები არიან ცუდად, ბავშვთა საავადმყოფოში გადმოვიყვანეთ. 16:00 საათზე იყო დანიშნული ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით ფრენა და ტექნიკური გაუმართაობის გამო რეისი ჯერაც არ შესრულებულა. ბავშვები უჰაერობის გამო ცუდად გახდნენ. ღებინება დაეწყოთ, ბებია არ შეუშვეს რომ ბავშვები ენახა. სასწრაფოში დავრეკეთ მოვიდნენ და გამოიყვანეს", - აღნიშნა ხათუნა შერვაშიძემ.
მისივე თქმით, აეროპორტიდან ბავშვების საბუთების წამოღება ვერ შეძლეს, რამაც საავადმყოფოს ადმინისტრაციაში გაუგებრობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი" ცდილობს დაადგინოს რომელ ავიაკომპანიას უნდა შეესრულებინა ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით ავიარეისი, თუმცა ბათუმის აეროპორტის პრესსამსახურთან დაკავშირება არ ხერხდება.