გიგი უგულავა - ჩემზეც აქვთ ფარული ვიდეოფირი

გიგი უგულავა - ჩემზეც აქვთ ფარული ვიდეოფირი

როგორც ამბობენ, ჩემზეც აქვთ ვიდეოფირი, - ამის შესახებ თბილისის მერი გიგი უგულავა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ის ვიდეოფირებზე და უთვალთვალებდნენ თუ არა მას, დედაქალაქის მერი პასუხობს: "რა ვიცი, როგორც ამბობენ, ჩემზეც აქვთ ვიდეოფირი".
ამასთან, როგორც ინტერვიუში უგულავა აცხადებს, მას ბაჩო ახალაიასთან ბევრი შეკითხვა აქვს, თუმცა უკავშირდება თუ არა ეს შეკითხვები სწორედ ფარულ ჩანაწერებს, უგულავა არ აკონკრეტებს.
"როდესაც ბაჩო ახალაია ციხიდან გამოვა, პირადად ბევრი შეკითხვა მაქვს მასთან. ბევრთან შეიძლება კითხვა მქონდეს, მაგრამ როცა კაცი ციხეში ზის, რა კითხვა უნდა დავუსვა", - აცხადებს გიგი უგულავა.

თბილისის მერმა საკრებულოს მიერ მის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხზეც ისაუბრა.

”ჩემი იმპიჩმენტი ვერ იქნება, რადგან ეს პრინციპულად რთულია”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

როგორც დედაქალაქის მერი აღნიშნავს, იგი აგრძელებს საქმიანობას და არც ერთი დღე არ შეწყვეტილა არც ერთი პროექტი.

"თუ იმპიჩმენტზე მეკითხებით, ვერ იქნება, რადგან ეს პრინციპულად რთულია. სტანდარტული იმპიჩმენტი უნდა მოხდეს სასამართლოს თანხმობით და ორმა მესამედმა უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი, ამ ყველაფრის დაწყება, როცა არჩევნებამდე 8 თვეა დარჩენილი, არასწორია", - აცხადებს თბილისის მერი.

ამასთან, თბილისის მერი სამართლიანობის აღდგენაზეც საუბრობს. მისი თქმით, არანაირი სამართლიანობის აღდგენა არ მიმდინარეობს და ეს არის ჩვეულებრივი შურისძიება უმრავლესობის სახელით.