დავით უსუფაშვილი:   პრეზიდენტმა სრულიად უადგილო თემები წამოწია, რაზეც მობოდიშება მომიხდა

დავით უსუფაშვილი: პრეზიდენტმა სრულიად უადგილო თემები წამოწია, რაზეც მობოდიშება მომიხდა

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდა მოუწია. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ხომალდზე გამართული მიღების შემდეგ განუცხადა. მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

პარლამენტის თავმჯდომარემ არ დააკონკრეტა თუ რა თემებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, პრეზიდენტმა "უადგილო თემები" წამოწია:

"სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთხელ შეძლო დაერღვია ყველა წესი და რიგი ასეთი შეხვედრების. ოფიციალური გამოსვლების შემდეგ მეც მომიწია გარკვეული მობოდიშება ჩვენი სტუმრებისთვის, ვინაიდან ასეთ ღონისძიებებს თავისი ფორმატი აქვს, თავისი თემატიკა აქვს. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი ამ ყველაფერს დიდი ხანია აღარაფრად დაგიდევთ.

ამიტომ, მან სრულიად უადგილო თემები წამოწია, მაგრამ ჩვენ ამას მიჩვეული ვართ, უბრალოდ, არ ველოდი, რომ ჩვენი სტუმრების თანდასწრებით ამას გააკეთებდა, მაგრამ მე მგონი უკვე ყველა გაგებით ეკიდება ასეთ მოვლენებს", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.