ბათუმში აქცია

ბათუმში აქცია "წითელი ბარათი კუბლაშვილ-კბილაშვილს" დასრულდა

"წითელი ბარათი კუბლაშვილ-კბილაშვილის" - ამ სახელწოდებით აქცია აჭარის პროკურატურასთან უკვე დასრულდა. პოლიტიკური ორგანიზაცია "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა, ასევე "პატრიოტთა ალიანსის" წევრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის დაპატიმრებას, ხოლო მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადაყენებას მოითხოვდნენ.

როგორც "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამა აღნიშნა, კოჰაბიტაციის პროცესი დანაშაულებრივი პროცესია, რომელიც უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, ქართულმა საზოგადოებამ 1-ელ ოქტომბერს სამართლიანობის აღდგენა აირჩია და არა კოჰაბიტაცია: "წითელი ბარათი კუბლაშვილ-კბილაშვილის იმიტომ, რომ ესენი უკვე დუეტში მოქმედებენ. კოჰაბიტაციის პროცესი არის დანაშაულებრივი პროცესი. კრიმინალებთან თანამშრომლობა, მათთან მუშაობა-მუშაკობა არის მიუღებელი ჩვენი ერისთვის. 1-ელ ოქტომბერს ჩვენ კოჰაბიტაცია არ აგვირჩევია. ჩვენ ავირჩიეთ სამართლიანობის აღდგენა. 10 თვის თავზე მე ვწუხვარ, რომ გვიწევს წითელი ბარათის ჩვენება არჩილ კბილაშვილისთვის. ბატონი კუბლაშვილის მიმართ კი დიდი ხანია იმპიჩმენტის პროცესი უნდა იყოს დაწყებული", - აღნიშნა ადა მარშანიამ.

აქციაზე მყოფი აფხაზეთიდან დევნილი ნანა ჭანტურია კი სასამართლოს დევნილების შენობიდან გამოსახლების საკითხის შესწავლას სთხოვს. მისივე თქმით, სასამართლომ ლტოლვილტა და განსახლების ყოფილი მინისტრის მუშაობასაც უნდა გადახედოს:
"ჩვენ მივეცით ამ მთავრობას ხმა და ჩვენ გვინდა გავიგოთ ამ მთავრობის ხმა. დევნილები სრულიად უყურადღებოდ ვართ. სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი თუ როგორ გამოგვყარეს შენობიდან, თუმცა ეს საკითხი დღემდე პასუხგაუცემელია სასამართლოს მიერ. ასევე, დევნილების პროდუქტებთან დაკავშირებით გვაქვს პრეტენზია. ბატონი სუბელიანი დღეს პარლამენტშია და ამ საკითხის კვლევა საერთოდ არ მიმდინარეობს. ამიტომაც მოვედით აქ", - აღნიშნა ნანა ჭანტურიამ. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ანზორ სოლომონიძე კი აღნიშნავს, რომ სასამართლო ხელისუფლება გასაწმენდია: "სასამართლო ხელისუფლება გასაწმენდია, კუბლაშვილი გასათავისუფლებელი და დასაჭერია. კანონი ფეხქვეშ იყო გათელილი, რის გამოც ბევრი ოჯახი დაინგრა და გაუბედურდა. ყველა უბედურების ბუდე იყო იმდროინდელი სასამართლო და სააკაშვილის ხელისუფლება. მოვითხოვ, სამართლიანობის აღდგენას", - აღნიშნა ანზორ სოლომონიძემ. აჭარის პროკურატურასთან, რომელიც ბათუმის იუსტიციის სახლის შენობაშია განთავსებული, თავდაპირველად ორი აქცია მიმდინარეობდა. მეორე აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე და ეკომიგრანტები, ასევე სოციალურად დაუცველები იყვნენ შეკრებილი. იმ მოტივით, რომ "პატრიოტთა ალიანსის" აქციას ხელი არ შეშლოდა, მათი აქცია მალევე დასრულდა.