"არ გამაკეთებინონ ის, რომ ერთი ბრძანება გავცეთ და ვთქვათ, რომ სააკაშვილი არ შევიდეს რომელიმე რაიონში და თუ შევა, ვნახოთ"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" რომ მიხეილ სააკაშვილის გადაადგილებისთვის ხელის შეშლა უნდოიდეს, ამას მარტივად მოახერხებდა.

ამის შესახებ საგანელიძემ ზუგდიდში, რესტორან "დიარონთან" წუხელ მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა, სადაც პრეზიდენტს ვახშმობა საპროტესტო აქციისა და შეძახილების ფონზე მოუხდა.

"ჩვენ, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია, რომ გვინდოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოძრაობა შევაფერხოთ, ან მათი ღონისძიებები ჩავშალოთ, ან არ მივცეთ შენობაში შესვლის საშუალება, 5 წუთში დავანახებდი, როგორ მოხდებოდა ეს. თუ ეს ძალიან აინტერესებს, მართლა არ გამაკეთებინონ ის, რომ ერთი ბრძანება გავცეთ ჩვენ და ვთქვათ, რომ აბა, მიხეილ სააკაშვილი არ შევიდეს რომელიმე რაიონში და თუ შევა, ვნახოთ. მერე მიხვდება, როგორი აბსოლუტურად თავისუფალი ველი აქვს სამოძრაოდ დღეს", - განაცხადა საგანელიძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი შემთხვევა იყო, "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო აქციაზე ვიღაცამ ქვა ისროლა, რისთვისაც ეს ადამიანი დასაჯეს და პარტიიდან გარიცხეს.