რესტორან

რესტორან "ლოფტის" პერსონალი სროლის ფაქტს არ ადასტურებს

რესტორან "ლოფტის" პერსონალი წუხელ მომხდარი ჩხუბის ფაქტს ადასტურებს, თუმცა სროლის ფაქტს უარყოფს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ჩხუბის შედეგად დამტვრეულია რესტორნის შუშის კარი, ასევე დამტვრეულია ჭურჭელი, მაგიდები, სკამები და დაზიანებულია ინტერიერი.

რესტორნის თანამშრომლები მომხდარს დეტალურად არ ყვებიან, თუმცა აცხადებენ, რომ ღამით სტუმრებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა, რაშიც რესტორნის დაცვა ჩაერია. დაცვის სამსახურის თანამშრომელს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, კერძოდ გატეხილი აქვს თავი და სახეზე სილურჯეები აქვს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მას დახმარება წუხელ რესპუბლიკურ საავადმყოფოში აღმოუჩინეს.

რესტორანში ამ დროისთვის სიმშვიდეა. პერსონალი კი, რომელიც წუხელ მუშაობდა, არსებული ინფორმაციით, დაკითხვაზე იმყოფება.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარის გამო დაკავებულია ხუთი ადამიანი.