ნინო ბურჯანაძე საარჩევნო კანონში შეტანილ ცვლილებებს მიესალმება

ნინო ბურჯანაძე საარჩევნო კანონში შეტანილ ცვლილებებს მიესალმება

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე საარჩევნო კანონში შეტანილ ცვლილებებს მიესალმება. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები რეალურად განხორციელდეს.

"მივესალმები ამ ცვლილებებს, რადგან საკანონმდებლო ბაზაში კარგი ცვლილებები შევიდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით მაინც ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ხელისუფლების მხრიდან. სახელისუფლებო კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ იგი აღარ არის თანამდებობაზე, მონაწილეობს ოფიციალურ ღონისძიებებში და კიდევ ბევრი სხვა მაგალითი გვაქვს, რომლის დეტალურ განხილვასაც არ დავიწყებ. ერთიც არის, რომ თანაბარ პირობებზე ჩვენ ნამდვილად ვერ ვისაუბრებთ, რადგან სამწუხაროდ პარლამენტმა არ გაითვალისწინა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ და პირადად მე მომცემდა უფასო სატელევიზიო დროის გამოყენების შესაძლებლობას", - აცხადებს ბურჯანაძე.

მისივე თქმით, ძალიან მარტივია, როდესაც სახელისუფლებო კანდიდატს და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს თავისუფალი საეთერო დრო ექნება, მათ კი საეთერო დროის ყოველ წუთში კოლოსალური თანხა უნდა გადაიხადონ, რაც უბრალოდ შეუძლებელია, რადგან პარტიას ასეთი ფინანსები არ აქვს.

"ბუნებრივია, ჩვენ მარტო ამ მიზეზით ვერ ვიქნებით თანაბარ პირობებში. შემიძლია კიდევ ბევრი სხვა მაგალითი ჩამოგითვალოთ, თუნდაც ის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დაკომპლექტებულია მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებით. კოორდინატორები და დამკვირვებლები დაფინანსდებიან ბიუჯეტიდან მხოლოდ ამ ორი პარტიის მიერ, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გაცილებით რთულ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე "ნაციონალების" და "ოცნების" კანდიდატი, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ მაინც მოვიგებთ", - დასძინა მან.