დაკარგული გოგონას დედა პოლიციას დახმარებას სთხოვს

დაკარგული გოგონას დედა პოლიციას დახმარებას სთხოვს

ბათუმთან ახლომდებარე, სოფელ ახალშენში დაკარგული 17 წლის დარეჯან დიასამიძის დედა ლამზირა მახარაძე პოლიციას მიმართავს. გოგონას დედა ბოლო ექვსი წელია თურქეთში მუშაობს, ის ბათუმში დღეს ჩამოფრინდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს"ლამზირა მახარაძემ განუცხადა, არ იცის, მისი შვილი ცოცხალია თუ არა და პოლიციას მის პოვნაში დახმარებას სთხოვს:
"პოლიციას მივმართავთ დასახმარებლად. ვითხოვ, მაჩვენონ, რომ ჩემი შვილი ცოცხალია. არავის არ ვემუქრები და არ ვაშინებ, მაჩვენონ ჩემი შვილი. დღეს ჩამოვფრინდი თურქეთიდან. არავითარი ეჭვი არავის მიმართ არ გამაჩნია. ვიცოდი ბავშვს ჰყავდა შეყვარებული, მაგრამ მასთან ერთად არ არის. უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ვისთანაც საერთოდ კონტაქტობდა, ყველას გავესაუბრეთ და არავის არ აქვს ინფორმაცია", - აღნიშნა ლამზირა მახარაძემ.

მისივე თქმით, პოლიციამ გააკონტროლა გოგონას სატელეფონო ზარები და მათ შორის 7 აგვისტოს 15:10 წუთზე გაგზავნილი ტექსტური შეტყობინება, რომლის შინაარსიც არ ხმაურდება. როგორც ლამზირა მახარაძე აცხადებს, პოლიციამ ყველა პირი დაკითხა, თუმცა არავინ არაფერი იცის დარეჯან დიასამიძის შესახებ.

"7 აგვისტოს რა ნომრებიც დაფიქსირდა ჩემი შვილის ტელეფონში, პოლიციამ ყველა გააკონტროლა, ყველა მიიყვანეს პოლიციაში და ჯერჯერობით ვერაფერი დაადგინეს. არავინ ამბობს, რომ რამე კავშირი აქვთ მის დაკარგვასთან. პოლიციის გარდა, მთელი სოფელი ფეხზე დგას. ყველას გავაგებინეთ. პარლამენტარი მურმან დუმბაძეც საქმის კურსშია, მთელი სამინისტრო და მთელი საქართველო ფეხზე დგას, მაგრამ ჩემი შვილი ვერავინ იპოვა", - აღნიშნა ლამზირა მახარაძე.

ლამზირა მახარაძე მისი შვილის შესახებ ამბობს, რომ სკოლაში კარგად არ სწავლობდა, თუმცა მისთვის ოჯახი ჰქონდა მინდობილი და საოჯახო საქმეებს უძღვებოდა:
"ჩემი შვილი სწავლით თავს არ იკლავდა. გლეხი ოჯახის შვილია. 17 წლის ბავშვი ოჯახის რჩენაზე არ ფიქრობდა, მაგრამ მე ექვსი წელია თურქეთში ვმუშაობ და მისთვის მქონდა ოჯახი მინდობილი. ავადმყოფი დედამთილი მყავს, მამამთილი, ჩემი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი მისთვის მყავდა მინდობილი, ფაქტიურად ოჯახს მართავდა ბავშვი", - აღნიშნა ლამზირა მახარაძემ.

დარეჯან დიასამიძე 7 აგვისტოს დილით, 10:00 საათიდან გაუჩინარდა. მოზარდი ბოლოს ბიცოლასთან, მეზობელ სოფელში, ქვედა სამებაში იმყოფებოდა, საიდან წასვლის შემდეგაც, სოფელ ახალშენში, მის ოჯახში უნდა დაბრუნებულიყო. ოჯახის წევრები და ნათესავები მოზარდს მესამე დღეა ეძებენ. საქმის კურსშია პოლიციაც. დარეჯან დიასამიძის ფოტოები და ოჯახთან დასაკავშირებლად საკონტაქტო ინფორმაცია ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში, ჯიხურებსა და ავტობუსის გაჩერებებზეა გამოკრული.