თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა

თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ორგანული კანონი "საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ". ამ ცვლილებების თანახმად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია ეროვნული უშიშროების საბჭოს ნაცვლად იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება. 

იუსტიციის მინისტრის დღევანდელი ბრძანებით, კომისიის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა, რომელსაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარებისა და თავდაცვის სამინისტროები დაემატა, მონაწილეთა რაოდენობა კი ათი წევრით განისაზღვრა. კომისიას იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს.

კომისიის საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის სხდომაზე მიწვეულ იქნებიან ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისია გააგრძელებს თანამშრომლობას კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან, აგრეთვე, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლებთან, რომლებიც კომისიის ყველა სხდომაზე იქნებიან მიწვეულნი და სათათბირო ხმის უფლებით კვლავ ისარგებლებენ, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი.

მინისტრის ბრძანებით, კომისიის სხდომები გაფორმდება ოქმით. ამასთან, იუსტიციის მინისტრმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ოფიციალური წერილით მიმართა და მისგან 2012 წლის საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების, 2013 წლის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების, აგრეთვე, 2013 წლის საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების მიზნებისათვის შექმნილი კომისიის სხდომის ოქმების ასლები, კომისიის სხდომებზე მიწვეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისა და სხვა პოლიტიკური გაერთიანებების, აგრეთვე, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების სრული ჩამონათვალი გამოითხოვა.

უახლოეს მომავალში კომისია თავის პირველ სხდომას იუსტიციის სამინისტროში გამართავს.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია განიხილავს საკითხებს, რომლებიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან მიმართებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, აგრეთვე, დარღვევის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უწყებათაშორის კომისიას აწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები) ან დამკვირვებელი ორგანიზაციები. განხილვის შედეგად, კომისია გამოსცემს რეკომენდაციებს საჯარო მოსამსახურეებისა და საჯარო დაწესებულებების მიმართ.