მამუკა ყურაშვილი: აგვისტოს ომში დაშვებულ შეცდომებს კონკრეტული სახელები და გვარები აქვს!

მამუკა ყურაშვილი: აგვისტოს ომში დაშვებულ შეცდომებს კონკრეტული სახელები და გვარები აქვს!

აგვისტოს ომიდან 5 წლის შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციების შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი მამუკა ყურაშვილი Georgian Times-ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კონკრეტულ ეპიზოდზე კონკრეტული პიროვნებაა პასუხისმგებელი.

„ძიება რომ დასრულდება ყველაფერს თავისი პასუხი გაეცემა, იყო დაშვებული შეცდომები, რომელსაც თავის სახელები და გვარები აქვთ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით. ჩემთვის მთავარი პასუხგასაცემია კითხვა: რატომ წარმოიშვა ამდენი ფსევდოგმირი? ქართულ ჯარს სჭირდება პასუხი - ვინ როგორ მოქმედებდა, რა დინამიკა იყო. ფსევდოგმირებში არის კატეგორია ოფიცრების, რომლებსაც ყველანაირი დასაბუთების გარეშე აქვთ მიღებული ჩინ-მედლები" - განაცხადა გენერალმა

აგვისტოს ომის კონკრეტულ შეცდომებზე და პიროვნებების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრისგან მამუკა ყურაშვილმა თავი შეიკავა, თუმცა მისი თქმით, გამოძიების ლოგიკას სწორედ ამაში ხედავს და არა იმაში ვინ დაიწყო ომი.

„ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ ძიების პერიოდში არ იქნება მიზანშეწონილი მინიშნებები გავაკეთო ომის მსვლელობასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება ძიებისთვის საზიანო იყოს, კონკრეტულ დეტალებზე მე მხოლოდ გენერალურ პროკურატურასთან ვისაუბრებ. მე თუ ჩუმად ვარ მანამ, სანამ ძიება არ დამთავრდება, ეს ისევ და ისევ სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარეა. ამ ყველაფერზე უნდა წავიდეს მსვლელობა, ვინ რა ინტერესში იყო, ვინ რა მიზანს ემსახურებოდა, რამ არია ვითარება და რამ გამოიწვია ამხელა მსხვერპლი. ძიების ლოგიკას ამაში ვხედავ და არა იმაში, ვინ დაიწყო ომი - ერთი ხომ ფაქტია , ქართული მხარე არ შესულა რუსეთის ტერიტორიაზე.

ჩვენ შეტევითი ოპერაცია არ გვიწარმოებია, იქ იყო პოზიციური ბრძოლები, ასეთი განმარტებები არის სამხედრო თეორიაში და ამას რუსებისთვის გასაგებად ვამბობ"_ აცხადებს გენერალი ყურაშვილი.