მიხეილ სააკაშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიის ვერდიქტი სამართლიანი იქნება

მიხეილ სააკაშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიის ვერდიქტი სამართლიანი იქნება

რა გავაკეთეთ 2008 წელს, ეს წულუკიანების, კბილაშვილების და ნაცვლიშვილების განსასჯელი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა.
მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებს საქართველოს ისტორია და მომავალი თაობები განსჯის.

"ქართული სახელმწიფო პირველად საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. თბილისი მართლა ხდებოდა ამიერკავკასიის ცენტრი, ბათუმი ხდებოდა შავი ზღვის მთავარი სიამაყე და ლაზიკა გახდებოდა და გახდება შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პორტი. ჩვენ ამას ყველაფერს ვაკეთებდით. რა გავაკეთეთ 2008 წელს, ეს ვიღაც კბილაშვილების, ნაცვლიშვილების და წულუკიანების განსასჯელი არ არის. მე განმსჯის საქრთველოს ისტორია და იმას რასაც ჩვენ ვაკეთებდით განსჯის მომავალი მრავალი თაობა ქართველების. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიის ვერდიქტი იქნება სამართლიანი", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ უნდა გააგრძელოს გზა და არა რუსეთისკენ.

"თუ ჩვენ გავაგრძელებთ თავის მოტუებას, რომ კოჭის გაგორებით, გარიგებით, უთავმოყვარეობით, ყველაფრის დათმობით, ვინმე თავზე ხელს გადაგვისმევს და უფასოდ გვაჭმევს და 35-მანეთიანი ბილეთებით გადავრჩებით, ეს იქნება გზა, რომელსაც არ მივყავართ არსად. ეს არის გზა, რომელსაც მივყავართ ქართული სახელმწიფოებრიობის დაკარგვისკენ. მეორე გზა არის ძლიერი საქართველო, რომელიც თავის უსაფრთხოებას პოვებს ევროკავშირსა და ნატო-ში. ეს არის გზა როდესაც ქვეყანა უყურებს რუსეთსაც, შუა აზიასაც, აღმოსავლეთის ქვეყნებსაც, შავიზღვისპირეთის ქვეყნებს და გლობალური მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს ძალიან ნათელი მომავალი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მანვე ყვარელში საკუთარ მამულზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ღვინის და ვაზის ცენტრად გადააქცევს.

"გავაშენე ეს ვენახი. ვაკეთებ მეღვინეობის ცენტრს თავის დიდი ბიბლიოთეკით. ეს არ არის ჩემი მამული. ეს მინდა იყოს სააკაშვილის ვაზის და ღვინის ცენტრი. თუნდაც იმიტომ, რომ კახელებმა იცოდნენ, რომ რუსეთის გარდა სხვა ბევრი ბაზრებიც არსებობს", - აღნიშნა სააკაშვილმა.