მიხეილ სააკაშვილი - დასავლეთიდან პირველი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვითხრა, რომ ომი იქნებოდა

მიხეილ სააკაშვილი - დასავლეთიდან პირველი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვითხრა, რომ ომი იქნებოდა

დასავლეთიდან პირველი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გვითხრა, რომ ომი იქნებოდა, - ამის შესახებ "რუსთავი 2-თან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ შტაინმაიერმა საქართველოს მთავრობის წევრებს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში განუცხადა.

"აგვისტოს დასაწყისში როცა დაიძაბა სიტუაცია, ჩამოვიდა შტაინმაიერი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს იყო პირველი ოფიციალური პირი, რომელმაც დასავლეთიდან გვითხრა, რომ ომი იქნება. გეგმა შემოგვთავაზა, რომელიც იყო ორაზროვანი და მიუღებელი, თუმცა იმდენად გაბრაზებულები ვიყავით, რამეზე რომ ჩაგვეჭიდა ხელი, ამაზეც ვთანხმდებოდით. ჩავიდა გალში და შეხვდა ბაღაფშს, მანამდე იყო მოსკოვში და შემდეგ ჩამოვიდა ბათუმში, სადაც ზღვაზე, ერთ-ერთ ძველ რესტორანში შევხვდით საუზმეზე, აჭარულ ხაჭაპურებზე. თემურ იაკობაშვილმა საუზმის დროს უთხრა, დაგვეხმარებოდა თუ არა დასავლეთი ახალი სამშვიდობო ფორმატის მიღებაში. ამაზე შტაინმაიერმა დადო ჩანგალი და იაკობაშვილს უთხრა - რა ახალი სამშვიდობო ფორმატი ბიჭებო, მალე აქ თქვენ ომი გექნებათო. ამაზე ჩვენ ყველამ ჩანგლები დავყარეთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, "მანამდე კი კონდოლიზა რაისი იძახოდა, დაივიწყეთ ომი, რუსები ამას არ იზავენო".

"კონდოლიზა იძახოდა რა ომი, დაივიწყეთ ეს, რადგან რუსები ამას არ იზავენო. შტაინმაიერმა კი პირიქით გვითხრა, რომ იზამდნენ. შტაინმაიერმა გვითხრა: ახლა ესენი გააგრძელებენ პროვოკაციებს, მერე რაღაც ეტაპზე მოგიხდებათ მათი სამშვიდობო სტატუსის გაუქმება. მერე ისინი სულ უფრო მეტად გესვრიან, გააძლიერებენ თავის ჯარებს და რაღაც მომენტში თქვენ ვალდებულები იქნებით უპასუხოთო, რის შემდეგაც დაიწყება დიდი ომიო და მერე ევროკავშირის ერთადერთი ფუნქცია იქნება შუაში შემოვიდეს და გაგყოთო. სხვა ფუნქცია და ახალ ფორმატზე საუბარი წინასწარ არ იქნებაო. ყველაფერი მოხდა ზუსტად ასე გარდა სამშვიდობო სტატუსის გაუქმებისა. მე რომ სამშვიდობო სტატუსი გამეუქმებინა, იგივე ევროპელები გვეტყოდნენ, თქვენ გააუქმეთ სამშვიდობო სტატუსი და გააკეთეთ პროვოკაცია, რაზეც ბიძია იქ გაბრაზდაო. ანუ მგელი გაბრაზდა ცხვრისგან დაუფიქრებელი ნაბიჯისგანო. ესეც არ გავაუქმეთ ჩვენ და ერთადერთი რასაც გვედავებიან ის არის, რომ სამშვიდობოები იყვნენ იქ და რატო შეხვედითო. ამის შემდეგ დაიწყო ომი", - განაცხადა სააკაშვილმა.