პარლამენტის თავმჯდომარე დღეს სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებს შეხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებს შეხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა გუშინ განუცხადა, შეხვედრა იქნება იმ კონკრეტული სამართლებრივი საკითხების განსახილველად, რაც დღეისთვის არსებობს. მისი თქმით, პარლამენტი სექტემბრამდე ვერ მოახერხებს იმ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას, რომელიც სამი თანამდებობის პირისთვის ორმაგი მოქალაქეობის საკითხს ეხება.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზურაბიშვილის შემთხვევა ადასტურებს, რომ ეს კონკრეტული აკრძალვა არასწორია. "ჩემი წინადადება სალომეს პარტიის წარმომადგენლებთან იყო შემდეგი, რომ ძალიან გთხოვთ მითხარით, თავად რა გამოსავალს ხედავთ და მე მზად ვარ, რომ თუკი არსებობს სამართლებრივი გზა, თუნდაც ეს იყოს ვიწრო ბილიკი, მაგრამ სამართლებრივი გზა, რომ ვიმუშავოთ ამ მიმართულებით, მითხარით, მაგრამ თუ ასეთ გზას ვერ ვიპოვით, ყველა ვალდებული ვართ დავემორჩილოთ კონსტიტუციას და კანონს", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან გამართულ შეხვედრას, როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, დღეს იყო შეხვედრა კვალიფიციურ სუბიექტებთან. მისი თქმით, იყო გარკვეული გაუგებრობები, თუმცა შეხვედრაზე არც ერთი კითხვა არ დარჩა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, მომავალ კვირას იქნება შეხვედრები სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, მათ შორის ნინო ბურჯანაძესთან.