მიგვაჩნია, რომ წინასაარჩევნო გარემო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს სავსებით აკმაყოფილებს

მიგვაჩნია, რომ წინასაარჩევნო გარემო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს სავსებით აკმაყოფილებს

უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელი შეხვედრა უშიშროების საბჭოსთან არსებულ ფორმატში, სავარაუდოდ, ბოლო შეხვედრა იყო , - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, დავით ჯანდიერმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილება და ამ ცვლილების თანახმად, უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის სამინისტროში იქნება.

"იუსტიციის სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა, სრულყოფილად შეასრულოს ის მოვალეობა, რაც კანონით დაეკისრება. ჯერჯერობით ეს კანონი არ არის ძალაში, თუმცა, სავარაუდოდ მალე შევა. აქედან გამომდინარე, ეს იყო სავარაუდოდ ბოლო შეხვედრა უშიშროების საბჭოსთან არსებულ ფორმატში", - განაცხადა დავით ჯანდიერმა.

რაც შეეხება საკითხებს, რომლებიც დღეს განიხილეს, ჯანდიერის თქმით, მათ იმსჯელეს სხვადასხვა პრეტენზიებზე, რომლებიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დააყენეს. მისი თქმით, გარკვეული რეკომენდაციის შემოთავაზება მოხდა უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მიერ, თუმცა კომისიას არავითარი რეკომენდაცია არ მიუღია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ძირითადად საუბარი იყო "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის დროს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე.

"მიგვაჩნია, რომ წინასაარჩევნო გარემო ამ ეტაპზე რომელიც არის, სავსებით აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც არის გათვალისწინებული კანონმდებლობით", - აღნიშნა ჯანდიერმა.
მისივე თქმით, უწყებათაშორისი კომისია არის ძალიან წარმატებული ფორმატი, თუმცა შესაძლებელია მისი მუშაობა კიდევ უფრო ეფექტური იყოს.