პატიმრობიდან გათავისუფლებული თენგიზ გუნავა მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია.
როგორც გუნავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჯერ არ იცის, დაბრუნდება თუ არა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე, "რადგან ეს საკითხი პრეზიდენტის გადასაწყვეტია".
"ჯერჯერობით არ ვიცი, დავრჩები თუ არა გუბერნატორის თანამდებობაზე. ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და მასზეა დამოკიდებული. მე რიგითი ჯარისკაცი ვარ და რასაც მეტყვის და როგორც დავილაპარაკებთ, იმის მიხედვით გავაგრძელებ ბრძოლას. ერთი წუთითაც არ მიფიქრია რომ პოლიტიკიდან წავიდე. პირიქით, ვიმუშავებ უფრო აქტიურად ქვეყნის უკეთესობისთვის", - განაცხადა გუნავამ.
მისივე განმარტებით, დღეს ოჯახის მოსანახულებლად დასავლეთ საქართველოში მიემგზავრება.
თენგიზ გუნავა გუშინ პრეზიდენტმა შეიწყალა.