იუსტიციის მინისტრის მოადგილე ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის შესახებ განმარტებას აკეთებს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის შესახებ განმარტებას აკეთებს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის შესახებ განმარტებას აკეთებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს , აშშ-ის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის აუცილებლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი გაერო-ს კონვენციის რატიფიცირებისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შემუშავების აუცილებლობასაც შეეხო. 

იუსტიციის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ იუსტიციის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს, იმისათვის, რომ გაერო-ს კონვენცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ, რაც შეიძლება სწრაფად იყო რატიფიცირებული.

"ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, არამედ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისათვის", − აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ. მისივე განცხადებით, ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ამზადებს, ჩადებულია ისეთი ცნება, როგორიცაა, "მრავალმხრივი დისკრიმინაცია", რომელსაც ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის კანონმდებლობაც კი არ იცნობს. "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლის იანვრიდან დაიწყო. კანონპროექტის მიზანია დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ეფექტური და ქმედითი მექანიზმის შექმნა, რომელიც დისკრიმინაციის მსხვერპლს დარღვეული უფლების აღდგენის რეალურ შესაძლებლობას მისცემს. კანონპროექტი არ ქმნის ახალ უფლებებს, არამედ მიზნად ისახავს კანონმდებლობით უკვე დაცული უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფას.

კანონპროექტი ითვალისწინებს თანასწორობის დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას, რომელიც აღჭურვილი იქნება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედითი მექანიზმებით.