გიგი უგულავამ პოლონეთისა და საქართველოს მეგობრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

გიგი უგულავამ პოლონეთისა და საქართველოს მეგობრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

თბილისის მერმა, გიგი უგულავამ პოლონეთისა და საქართველოს მეგობრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც უგულავამ ლეხ კაჩინსკის სკვერში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა , იაროსლავ კაჩინსკი ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც ყოფილი პრეზიდენტის ძმა, თუმცა დღეს ის არის პოლონურ პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძალის წარმომადგენელი. 

თბილისის მერის თქმით, იაროსლავ კაჩინსკის პარტია დღეს ოპოზიციაშია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს პოლიტიკურ ცხოვრებაში და წარმოადგენს მთავარ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის რეალური შანსი აქვს.

"ამიტომ არის მნიშვნელოვანი პოლონეთის, როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან მჭიდრო პოლიტიკური და მათ შორის პერსონალური ურთიერთობებიც. პოლონეთში დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ძალა ევროპაში. მისი ხმა ევროკავშირში ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ის არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც შესაძლოა, მომავალში დიდი როლი ითამაშოს მათ შორის რუსულ-ქართულ ურთიერთობებში და რუსეთის პოლიტიკის რევიზიაში ევროპასა და მთელს მშოფლიოსთან მიმართებაში", - განაცხადა გიგი უგულავამ და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პოლონეთთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.

გიგი უგულავას თქმით, საქართველოში ლეხ კაჩინსკის სახელობის სკვერისა და ქუჩის არსებობა მხოლოდ მცირე პატივისცემის ნიშანია, რადგან პოლონეთის პრეზიდენტი 2008 წლის ომის დროს საქართველოს გვერდით სრულიად უანგაროდ დადგა.

"იგი საქართველოს ესტუმრა მაშინ, როდესაც რუსული თვითმფრინავები თბილისისს თავს დასტრიალებდნენ და დადგა ქართველი ხალხის გვერდით. მისი ფრაზა – დღეს ევროპა ვალშია საქართველოს წინაშე, დარწმუნებული ვარ ყველა ქართველისთვის ნიშანდობლივია. ლეხ კაჩინსკის ბიუსტი კი, რომელიც დღეს მისი სახელობის სკვერში გაიხსნა, დარწმუნებული ვარ, უკვდავყოფს საქართველო-პოლონეთის ურთიერთობებს და იქნება ნიშანსვეტი იმისა, რომ პოლონეთი არის ქვეყანა, რომელიც გაჭირვების ჟამს ყოველთვის საქართველოს გვერდით დგას", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

თბილისის მერი დღეს, საქართველოს პრეზიდენტთან და პოლონურ დელეგაციასთან ერთად, ლეხ კაჩინსკის ბიუსტის გვირგვინებით შემკობის ცერემონიაში მონაწილეობდა.