პაატა ზაქარეიშვილი ვლადიმერ პუტინის განცხადებას სკეპტიკურად უყურებს

პაატა ზაქარეიშვილი ვლადიმერ პუტინის განცხადებას სკეპტიკურად უყურებს

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სკეპტიკურადაა განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ ვლადიმერ პუტინი დევნილთა დაბრუნების პროცესში ჩართვას პირადად აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რითაც ის მედიით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, თითქოს პუტინმა აღნიშნულთან დაკავშირებით პირობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მისცა.

"პუტინის განცხადება არ მომისმენია. ვიცი მხოლოდ პრესიდან, თითქოს პუტინმა ეს პირობა დადო. არ მინდა პროცესებს ხელი შევუშალო. იმედია ამ, ჩემთვისაც ჯერ კიდევ გაუგონარ პირობას შეასრულებს, თუმცა ვიცით, რომ სარკოზის ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია, აქამდე არ შეუსრულებია, ამიტომ სკეპტიკურად ვარ განწყობილი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე განმარტებით, პროცესებს უნდა დაველოდოთ და საპატრიარქოს მუშაობის საშუალება მივცეთ.