ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერგნეთის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერგნეთის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 36-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ჯერარდ ფიშერისა და ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის ანდრეი დეშიცას ხელშეწყობით ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ის ინციდენტები და შემთხვევები, რომელსაც წინა შეხვედრიდან მოყოლებული ჰქონდა ადგილი. დამსწრეთა შეფასებით, რეგიონში ზოგადად მშვიდი სიტუაციაა.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ღობეების აღმართვის ზრდის შემთხვევებს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მის შედეგებს, განსაკუთრებით თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვასთან და საყოფაცხოვრებო საქმიანობისთვის შექმნილ საფრთხეებთან დაკავშირებით.

როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ერთობლივ ვიზიტს განახორციელებენ პრობლემურ ტერიტორიებზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების უკანასკნელი რაუნდის შესაბამისად.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთო-მ მონაწილეებს მოუწოდეს, მოეძებნათ პრობლემის პრაგმატულად გადაჭრის გამოსავალი და წარადგინონ განახლებული ინფორმაცია ადგილობრივების ყოველდღიურობასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით ხაზგასმული იქნა საცხოვრებელი პირობების საკითხები, კერძოდ, წყლის მიწოდებისა და სასაფლაოებზე დაშვების საკითხი.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა დაკავებული და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხები. მონაწილეებმა აღნიშნეს გარკვეული პოზიტიური შედეგები.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 16 სექტემბერს განიხილება.