გურამ ოდიშარია: სტალინის ძეგლი ძველ ადგილზე არ დაბრუნდება

გურამ ოდიშარია: სტალინის ძეგლი ძველ ადგილზე არ დაბრუნდება

კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას განცხადებით, სტალინის ძეგლის გორში დაბრუნების საკითხს მისი უწყება არ წყვეტს. 

როგორც ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული უშუალოდ მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია. კულტურის სამინსიტროს კი მხოლოდ გარკვეული რჩევები შეუძლია მისცეს.

"ეს თემა პერიოდულად აქტიურდება ხოლმე. ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო და არის ის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება სტალინის ძეგლი დაბრუნდეს ძველ ადგილას. მიუხედავად ამისა, ეს საქმე მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია. ჩვენ კი მხოლოდ რჩევები შეგვიძლია მივცეთ. მაგალითად, ბალტიისპირეთის გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, გორელებს შეუძლიათ გამოყონ ადგილი, სადაც არა მარტო სტალინის, არამედ სხვათა ძეგლები განთავსდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს საქმე კულტურის სამინისტროს გადასაწყვეტი არ არის, თუმცა პრინციპულად ვაცხადებ, რომ ძეგლი ძველ ადგილზე არ დაბრუნდება. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიქნებით", - განუცხადა გურამ ოდიშარიამ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

ამასთან, მისივე აზრით, მოვიდა დრო, ზოგადად სტალინის ფენომენთან დაკავშირებით მოხდეს ქართული საზოგადოების აზრის შესწავლა.