დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი ტენდერების გამოქვეყნებაზე

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი ტენდერების გამოქვეყნებაზე "24 საათის" მონოპოლიის გაუქმების წინადადებით გამოვა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი პარლამენტში, სახელმწიფო ტენდერების გამოქვეყნებაზე გაზეთ "24 საათის" მონოპოლიის გაუქმების საკანონმდებლო წინადადებით გამოვა. 

"საქართველოს პრესის ასოციაციის" საკანონმდებლო წინადადებას - "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონიდან მოხდეს გაზეთ "24 საათის" ამოღება, კომიტეტის წევრებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი, თუმცა მსჯელობის საგანი გახდა ის, თუ რამდენად ღირს სატენდერო განცხადებების ბეჭდურ მედიაში განთავსება და ამისთვის სახელმწიფოს მხრიდან თანხების დახარჯვა.

"სახელმწიფო ბეჭდურ მედიას ფულს აძლევს იმაში, რომ განათავსოს განაცხადები ტენდერების შესახებ. თუკი ამაზე არის მოთხოვნა, წესით, უნდა მოხდეს პირიქით და ბეჭდურმა მედიამ აქეთ გადაიხადოს ფული იმაში, რომ სატენდერო განცხადები ექსკლუზიურად მიიღოს. თუ ბიზნესზე ვსაუბრობთ, ბიზნესი ეს არის", – აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

სატენდერო განცხადებების ბეჭდურ მედიაში განთავსებას წინადადებას არ იზიარებს კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელი დავით მარღანია. მისი თქმით, შესყიდვები ელექტრონული გზით ხორციელდება, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ხელი მიუწვდება ინტერნეტში განთავსებულ შესაბამის ელექტრონულ მასალებზე, რომლის გვერდის ავლითაც შესყიდვა ვერ განხორციელდება.

გარდა ამისა, როგორც მარღანიამ აღნიშნა, სააგენტო დაინტერესებულ ბიზნესს-სექტორს დამატებით SMS-სერვისის მეშვეობით აწვდის ინფორმაციას გამოცხადებული შესყიდვების თაობაზე.

კომიტეტი შეთანხმდა, რომ ამ მიმართულებით გაზეთ "24 საათის" მონოპოლია აუცილებლად უნდა გაუქმდეს, თუმცა როგორ დარეგულირდება საკითხი შემდგომში, კანონპროეტის განხილვების პროცესში გადაწყდება.

ცნობისთვის, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონის გათვალისწინებით, სატენდერო განცხადება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონული სისტემის გარდა, გაზეთ "24 საათში" უნდა გამოქვეყნდეს. "საქართველოს პრესის ასოციაციის" მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება კი, აღნიშნული ნორმის გაუქმებას ითვალისწინებს.

"კანონი ერთი გაზეთის პრივილეგიას აწესებს და ის ამ თვალსაზრისით მონოპოლისტია. კანონში არსებული ეს ნორმა პირდაპირ ეწინააღმდეგება თავად კანონის სულისკვეთებას და მიზნებს, რაც კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობაში მდგომარეობს", – განაცხადა "საქართველოს პრესის ასოციაციის" წარმომადგენელმა, გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა.

მისი თქმით, სამომავლოდ ტენდერის მეშვეობით და შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით უნდა შეირჩეს ის ბეჭდური მედიასაშუალებები, სადაც ასეთი ტიპის მასალები გამოქვეყნდება.