პრეზიდენტი თენგიზ გუნავას შეიწყალებს

პრეზიდენტი თენგიზ გუნავას შეიწყალებს

პრეზიდენტი სამეგრელოს გუბერნატორს, პატიმარ თენგიზ გუნავას შეიწყალებს, - ამის შესახებ სააკაშვილმა პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, თენგიზ გუნავა არის ადამიანი, რომელიც არასდროს გარეულა კორუფციაში და იმ ფონზე, როდესაც პედოფილებს და მარეკ დუდაევს უშვებენ, გუნავა ციხეში არ უნდა იყოს.
"გუბერნატორი გუნავა, ყველამ კარგად იცის, რისთვის არის დაპატიმრებული. ჯერ მას, ყველას თვალწინ, შეუგდეს ნარკოტიკი და იარაღი; ეს აღიარეს, ის პოლიციელები, ვინც ეს გააკეთა სამსახურიდან გააგდეს და მერე ჩუმად ნაწილი აღადგინეს. შემდეგ წაუყენეს მეორე ბრალდება - იქაც არაფერი გამოუვიდათ, შემდეგ წაუყენეს ბრალდება, რომ ოპერატიული თანხების, აღრიცხვის მეთოდოლოგია ძალიან არაზუსტია. იქ რაღაც ფინანსურ ბუღალტრული დარღვევა იყო. ვინც თენგიზ გუნავას იცნობს და იცის, როგორ ღარიბულად და მოკრძალებულად ცხოვრობს, კარგად იცის, რომ გუნავა ხელს არაფერს მიაკარებდა. ეს არის ადამიანი, ვინც 2008 წელს გადაარჩინა ასობით მილიონი ლარის ქონება სენაკის ბაზაზე და ქართული სანაპირო თავდაცვა, რომლებიც აფეთქებას გადაურჩა", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, გუნავა რომ ეჭვმიტანილი იყოს ადამიანის უფლებების დარღვევაში, წამებაში, ვერასოდეს ვერ მიიღებდა საპრეზიდენტო შეწყალებას.

"ის იდეალისტები, კი რომლებიც ქარეთულ სახელმწიფოს აშენებდნენ და ისჯებიან მხოლოდ იმისათვის, რომ არაფერი სახლში არ წაუღიათ, იმათი ციხეში ჩასმა დაუშვებელია, როდესაც მარეკ დუდაევი გამოგყავს გარეთ, რომელიც საზეიმოდ გვპირდება, რომ ქართველებს დახოცავს, ასევე პედოფილებს ათავისუფლებენ და უკვე ხუთი თუ ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა, ბათუმის ბულვარის ყველაზე განათებულ ადგილზე მოკლეს მარიამი, სრულიად დაუნდობლად და ამის შემდეგ, პოლიციის რეკომენდაცია იყო, რომ ხალხი იქ აღარ მივიდეს, ამ ყველაფრის ფონზე გუნავას ციხეში ჩასმა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, გუნავას გავუშვებ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.