მიხეილ სააკაშვილი სტალინის ძეგლის აღდგენის გადაწყვეტილებას ბრიყვულს უწოდებს

მიხეილ სააკაშვილი სტალინის ძეგლის აღდგენის გადაწყვეტილებას ბრიყვულს უწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი გორში სტალინის ძეგლის აღდგენის გადაწყვეტილებას ბრიყვულს უწოდებს და პრემიერ-მინისტრს მისი გადახედვისკენ მოუწოდებს. როგორც პრეზიდენტმა იაროსლავ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გორში სტალინის ძეგლის აღდგენა სულში ჩაფურთხებაა ომში დაღუპული ქართველი გმირებისთვის. 

"21-ე საუკუნში, სტალინის ძეგლის აღდგენა, წარმოუდგენლად ბარბაროსული და ანტიქართული აქტია. ეს არის ანტიეროვნული, ანტისახელმწოფოებრივი ქმედება, რომელიც აქცევს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში. გორში, რომელიც იბომბებოდა რუსეთის მიერ, სტალინის ძეგლის აღდგენა არის სულში ჩაფურთხება ომში დაღუპული ქართველებისთვის, ჩვენი გამოყრილი ადამიანებისთვის საკუთარი სახლებიდან. მე მინდა მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, რომ გადახედოს ივანიშვილმა ამ ბრიყვულ გადაწყვეტილებას. ეს არ არის ის, რაც წაადგება ქართულ საქმეს. საბავშვო თამაშებია, რომ ის არ იღებს გადაწყვეტილებებს. თუ საქართველოში უნდა ვინმეს ამის დაჯერება, არ ვიცი, მაგრამ მე არ გამოვსულელებულვარ ჯერჯერობით და კარგად ვიცი ვინ იღებს გადაწყვეტილებას ამ მთავრობაში", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, იოსებ სტალინმა ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოუდგენელი დანაშაულებები ჩაიდინა.

"მე დღეს დილით ვნახე, რომ საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქ გორში, იოსებ სტალინის ძეგლის აღდგენის შესახებ. კულტურის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების ოქმი ახლა ხელთ მაქვს. იოსებ სტალინი კარგად უნდა გვახსოვდეს რა იყო საქართველოსთვის. 1921 წელს, როდესაც სისხლისმსმელი ვლადიმერ ლენინიც კი იყო წინააღმდეგი საქართველოს დაპყრობის, სტალინის დაჟინებული გადაწყვეტილებით, მე-11 არმია საქართველოში შემოვიდა და წერტილი დაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობას. იოსებ სტალინმა ჩამოაჭრა საქართველოს საუკეთესო მიწები და გადასცა ის სხვა საბჭოთა ქვეყნებს. იოსებ სტალინმა შექმნა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომია, ის ნაღმები, რომლებიც ჩვენ აგვიფეთქდა დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად.

იოსებ სტალინმა დახვრიტა პოლონელ ოფიცრებთან ერთად კატინში ქართველი ოფიცრები, რომლებიც ჯერ საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო შემდეგ კომუნიზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ პოლონეთში. სტალინის ხელმოწერით დაიხვრიტნენ ქართველები და პოლონელები ერთად კატინში. სტალინის ძალებით განადგურდა საქართველოს ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი. იოსებ სტალინმა ჩაიდინა წარმოუდგენელი დანაშაულებები ქართველი ხალხის წინააღმდეგ", - განაცხადა სააკაშვილმა.