დავით უსუფაშვილი პარტიებს დაფინანსების თემით

დავით უსუფაშვილი პარტიებს დაფინანსების თემით "ზედმეტ კეკლუცობას არ ურჩევს"

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარტიებს დაფინანსების თემით "ზედმეტ კეკლუცობას არ ურჩევს" და აცხადებს, რომ "თავადაც, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, კეკლუცობას არ აპირებს".

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე აფიქსირებს, რომ დაფინანსების მიმართულებით ინიცირებული მოდელი, არ მოსწონს და პარტიებს მიმართავს - წლის ბოლომდე შემუშავდეს მოდელი, რომელიც უფრო გამართული იქნება და ძალაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შევა.

"საუბარი იმის შესახებ, რომ "სხვა თემები გვაინტერესებდა და ფული რა შუაშია", არ უნდა იყოს. პოლიტიკურ პარტიებს ფული სჭირდება, რადგან ვიცით, სადამდე მიდის არასწორი ფული და არასწორი დაფინანსება. მომზადებული მოდელით ყველა ის პარტია, ვისაც დაფინანსება ეკუთვნოდა გაორმაგებულ დაფინანსებას მიიღებს. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ პარტიები, ვისაც დაფინანსება არ ეკუთვნოდა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ", – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ორ კანონში – "საარჩევნო კოდექსში" და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებები ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში შემუშავებული გეგმის მიხედვით განხორციელდა.