საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" დაფინანსება "ყველაზე ნაკლებად" ეზრდება.
"როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ყველაზე ნაკლებად დაფინანსება ეზრდება "ნაციონალურ მოძრაობას", - განუცხადა კანდელაკმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობისთვის" კატეგორიულად მიუღებელია დაფინანსების გაზრდა რუსეთთან დაახლოებული ძალებისთვის.
"ჩვენთვის მიუღებელია, რომ დაფინანსება მნიშვნელოვნად ეზრდება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოჰაბიციონისტ ძალას – კახა კუკავას პარტიას. იმედს ვიტოვებთ, რომ კონსულტაციების პროცესში რაციონალურ გადაწყვეტილებამდე მივალთ და ყველა პოლიტიკური ძალისთვის დაფინანსების გაზრდა თანაბრად მოხდება", - აღნიშნა კანდელაკმა.
პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების მიმართულებით კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პარლამენტში ინიცირების პროცედურა, სავარაუდოდ, დღეიდან დაიწყება.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ჯერ ხელმიუწვდომელია, თუმცა როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, პარტიათა საბიუჯეტო დაფინანსების ნაწილში ახალი კომპონენტები ჩნდება.
კერძოდ, წელიწადში 300-300 ათასი ლარი ემატება პარტიას, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა და პარლამენტში ფრაქცია შექმნა. ასეთი შვიდი პარტიაა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ექვსი პოლიტიკური გაერთიანება. დაფინანსების ამ პრინციპის შემოღებით, მათთვის ბიუჯეტიდან დამატებით 2 მილიონ 100 ათასი ლარი უნდა გამოიყოს.
150-150 ათასი ლარი, ერთჯერადი სახით, იმ შვიდ საარჩევნო სუბიექტს ეძლევა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერს მიღმა დარჩნენ. ესენი არიან: "ქრისტიან-დემოკრატებისა" და "ევროპელი-დემოკრატების კოალიცია, "ახალი მემარჯვენეები", "ქართული დასი", "თავისუფალი საქართველო", "ლეიბორისტები", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", პარტია "სამართლიანი საქართველოსთვის". ჯამში საუბარია 1 მილიონ 50 ათასს ლარზე.