თეა წულუკიანი:  დასაქმებულებო, ახალი კოდექსის გამოყენების დროა

თეა წულუკიანი: დასაქმებულებო, ახალი კოდექსის გამოყენების დროა

დასაქმებულებო, ახალი კოდექსის გამოყენების დროა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს, "შრომის კოდექსის" ბეჭდური ვერსიის პრეზენტაციისას განაცხადა. 

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ძალიან ბევრი დამსაქმებელი მიჩვეულია არანორმირებული სამუშაო დღით ამუშაოს დასაქმებული და დღესაც ასევე აგრძელებს. სწორედ ამიტომ თეა წულუკიანმა დასაქმებულებს შრომის ახალი კოდექსის პრაქტიკაში გამოყენებისკენ მოუწოდა.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მიღებულია გარკვეულწილად დაბალანსებული სისტემა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის და აღარ არის წარსულის მსგავსად, როდესაც დამსაქმებელს ყველანაირი უფლება ჰქონდა, დასაქმებულს კი, არანაირი.

"ახლა დასაქმებულს გაუჩნდა მნიშვნელოვანი და საბაზისო უფლებები. მაგალითად - იცოდეს, რატომ ათავისუფლებენ, შეეძლოს ეფექტიანად იჩივლოს სასამართლოში და ჰქონდეს თუნდაც ნორმირებული სამუშაო დღე, რაც არ არის ხელწამოსაკრავი უფლება", - განაცხადა თეა წულუკიანმა, თუმცა იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, ეს რეფორმის დასასრული არ არის და სექტემბრიდან დაიწყება მუშაობა ქალთა უფლებებზე.

"თუმცა არ მინდა, დამსაქმებლებს და დასაქმებულებს გამორჩეთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, მათ ეს კოდექსი უნდა გამოიყენონ. ძალიან ბევრი დამსაქმებელი, რომელიც მიჩვეულია არანორმირებული სამუშაო დღით ამუშაოს დასაქმებული, ასევე აგრძელებს. ამიტომ დასაქმებულებო, ახალი კოდექსის გამოყენების დროა", - მიმართა თეა წულუკიანმა დასაქმებულებს.