"შრომის კოდექსის" ბეჭდური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში "შრომის კოდექსის" ბეჭდური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

პრეზენტაციაზე ასევე იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი და გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დამსწრე საზოგადოებას საკანონმდებლო მაცნესთან წლების წინ არსებული სტამბის აღდგენა მიულოცა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, პირველი წიგნი, რომელიც ამ სტამბაში დაიბეჭდა, "საქართველოს შრომის კოდექსია".

მინისტრის ინფორმაციით, გამოცემა სამენოვანია. ტექსტი ინგლისურად საკანონმდებლო მაცნეს მთარგმნელობით ცენტრში ითარგმნა, ხოლო რუსული თარგმანი პარლამენტში არსებულ მთარგმნელობით ცენტრში შესრულდა.

"ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ შეგვექმნა სარედაქციო ჯგუფი, რომელიც სტამბას ურჩევს რომელი საკანონმდებლო აქტები გამოსცეს ბეჭდური ფორმით. პირველი კი საზოგადოებრივი ინტერესიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე არის "შრომის კოდექსი", რომელიც კონსესუსის და კომპრომისის შედეგია და თანაბრად ახარებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სარედაქციო საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს. თეა წულუკიანის შეფასებით, საკანონმდებლო მაცნეში ოფიციალური ბეჭდვითი გამომცემლობის აღდგენა იურიდიული ტექსტების ხელმისაწვდომობას გაზრდის, რაც ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებას ხელს შეუწობს.