საკუთრების ხელყოფის ფაქტებზე პარლამენტმა შესაძლოა საგამოძიებო კომისია შექმნას

საკუთრების ხელყოფის ფაქტებზე პარლამენტმა შესაძლოა საგამოძიებო კომისია შექმნას

სახელმწიფოს მიერ საკუთრების ხელყოფის და მაღალი ინტერესის მქონე დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით პარლამენტმა შესაძლოა საგამოძიებო კომისია შექმნას.
ასეთი კომისიის შექმნის თაობაზე პარლამენტის დადგენილების პროექტშია საუბარი, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით მომზადდა.

კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული ადამიანის უფლებების დარღვევის უმძიმესი ფაქტების გამო მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იმსჯელოს საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობის თაობაზე, რომელიც შეისწავლის სისტემურად განცხადებებსა და საჩივრებს, სახელმწიფოს მიერ კერძო ან იურიდიული პირების მიერ საკუთრების უკანონო ხელყოფისა და საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე დანაშაულებრივ ფაქტებზე.

სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე მომზადებული პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომელზეც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იმუშავა, ექვსი გვერდისგან შედგება. მასში პარლამენტი რეკომენდაციებით მიმართავს: შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ჯანდაცვის, ლტოლვილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა სამინისტროებს, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მთავარ პროკურატურას. პარლამენტი ასევე მიმართვს მთავრობას – უზრუნველყოს სამინისტროების მიერ მითითებული რეკომენდაციების შესრულება.
სახალხო დამცველს, დეპუტატები დღეს რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ. მის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პარლამენტი დადგენილების მიღებით უპასუხებს.