ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობა მნიშვნელოვანია, თუმცა არ შეიძლება გარკვეული ცვლილებები მოკლე დროში ხდებოდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს. "აუცილებლად მივიღებთ ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას, თუმცა კარგად ვერ გავიგეთ, რა იქნება და როგორ იქნება", - განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ ინტერფრაქციული ჯგუფი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რათა ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო გარემო იყოს.
"თუმცა, ვართ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე. პირველი, რომ "ქართული ოცნება", როგორც ჩანს, ვერ ჩამოყალიბდა თუ რა ფორმატით და როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი ორგანიზებული. მეორე, რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, ის გადაწყვეტილება უნდა სრულდებოდეს და რაზეც შევთანხმდებით, ის უნდა კეთდებოდეს. მესამე, არ შეიძლება არჩევნებამდე მოკლე დროით ადრე ხდებოდეს რაღაც ცვლილებები, რადგან ნებისმიერი ორგანიზაცია გეგმავს იმის მიხედვით, რაც არის კანონმდებლობით უზრუნველყოფილი", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.