ბათუმის საქალაქო სასამართლომ "შერატონთან" გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მერაბ გორგაძეს 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ამ წუთებში კი სასამართლო მერაბ ღოღობერიძის საკითხზე მსჯელობს. პროცესის პარალელურად ბათუმის სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ღოღობერიძის გათავისუფლებას ითხოვენ.
სამართალდამცველებმა მერაბ ღოღობერიძე და მერაბ გორგაძე ბათუმის "შერატონთან" გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ღოღობერიძე "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის დაწყებამდე "შერატონთან" არსებული პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა, რისი საშუალებაც არ მიეცა. მოგვიანებით, მან პოლიციას "შერატონის" ტერიტორიაზე შესვლა კიდევ ერთხელ სთხოვა, ის პოლიციამ გაატარა, თუმცა შემდეგ დააკავეს.
თავდაპირველად კი სამართალდამცველებმა აქციაზე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მერაბ გორგაძე დააკავეს. გორგაძემ დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის მისამართით კვერცხები ისროლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. გორგაძე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
"შერატონში" დღეს "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო პრაიმერი ჩატარდა. სასტუმროსთან კი დილიდან დევნილები, ეკომიგრანტები, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები და სოციალურად დაუცველები აქციას მართავდნენ.