ბათუმის საქალაქო სასამართლოში "შერატონთან" გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მერაბ ღოღობერიძისა და მერაბ გორგაძის მხარდასაჭერად სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცვია მიმდინარეობს. მონაწილეები მათ გათავისუფლებას ითხოვენ.
სამართალდამცველებმა მერაბ ღოღობერიძე და მერაბ გორგაძე ბათუმის "შერატონთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ღოღობერიძე "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის დაწყებამდე "შერატონთან" არსებული პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა, რისი საშუალებაც არ მიეცა. მოგვიანებით, მან პოლიციას "შერატონის" ტერიტორიაზე შესვლა კიდევ ერთხელ სთხოვა, ის პოლიციამ გაატარა, თუმცა შემდეგ დააკავეს.
თავდაპირველად კი სამართალდამცველებმა აქციაზე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მერაბ გორგაძე დააკავეს. მერაბ გორგაძემ მიხეილ მაჭავარიანის მისამართით კვერცხები ისროლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. გორგაძე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
"შერატონში" "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო პრაიმერი მიმდინარეობს. სასტუმროსთან დილიდან დევნილები, ეკომიგრანტები, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები და სოციალურად დაუცველები აქციას მართავენ.