საპატრიარქო ზესტაფონში, მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში სასულიერო პირებსა და მრევლს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს განცხადება მედიას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ გააცნო.
როგორც ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ განაცხადა, მათთვის ცნობილია, რომ შექმნილია დაძაბული ვითარება მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში. მისივე თქმით, ორივე დაპირისპირებული მხარის წარმომადგენელი იყო ჩამობრძანებული პატრიარქთან და საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა.
"პატრიარქმა და ჩვენ ორივე მხარეს მოვუსმინეთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც ერთ კვირაში ჩავა ადგილზე, შეაგროვებს მასალებს და წარუდგენს პატრიარქს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მინდა მოვუწოდო ყველას, მრევლს, მორწმუნე ადამიანებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ღვთის მადლით დაელოდონ პატრიარქის გადაწყვეტლებას", _ აღნიშნა ქორეპისკოპოსმა.
ზესტაფონში, ადგილობრივი ეპარქიის წინ მართლმადიდებელმა მრევლმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსს, მეუფე ვახტანგს უპირისპირდებიან. მრევლმა მეუფე ვახტანგს კარები აუჭედა. მათი განცხადებით, მეუფე ბევრ ცუდ საქმეშია შემჩნეული, მათ შორის მრუშობაში, საკუთარ მრევლთან არაკეთილსინდისიერ მოპყრობაში, რის გამოც საპატრიარქოსა და პატრიარქს სთხოვენ, აღნიშნული სასულიერო პირი ეპარქიიდან გაიწვიონ.
აქციის მონაწილეების განმარტებით, ამ საკითხის განხილვა საპატრიარქოში უკვე შედგა, თუმცა არა მეუფე, არამედ ის სასულიერო პირები დასაჯეს, ვინც მეუფეს სდებდნენ ბრალს. აქციის მონაწილეებს პატრიარქის იმედი აქვთ, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება.