თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა მე-11 რიგგარეშე კონფერენცია მიმდინარეობს. დღევანდელ კონფერენციაზე დამტკიცდება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის წესი, ასევე, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის ორ წევრს აირჩევენ.
როგორც ჟურნალისტებს კონფერენციის დაწყებამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა განუცხადა, ადმინისტრაციულ კომიტეტში ილონა თოდუასა და პაატა სილაგაძის ნაცვლად ახალ წევრებს აირჩევენ. მისი თქმით, თოდუამ და სილაგაძემ ადმინისტრაციული კომიტეტი მას შემდეგ დატოვეს, რაც წინა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აირჩიეს.
კონფერენცია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ნახევარზე მეტი. კონფერენციას 149 მოსამართლე ესწრება.