"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ბათუმში დღეს დაგეგმილ პრაიმერთან დაკავშირებით იგივე პროვოკაციებია მოსალოდნელი, რასაც გუშინ ზუგდიდში ჰქონდა ადგილი, -ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ ზუგდიდში განხორციელდა "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის ძალადობრივი გზით ჩაშლის მცდელობა. დეპუტატის განცხადებით, ამ ფონზე იკვეთება, რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო ტაქტიკად იყენებს ძალადობას იმისათვის, რომ გადაფაროს ეკონომიკის კატასტროფული ვარდნა და "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის დაბალი რეიტინგი. დარჩიაშვილის განცხადებით, ეს პროცესი უკვე თვეების განმავლობაში მიმდინარეობს.
"იკვეთება, თუ რა არის სამართლიანობის ფასი "ქართული ოცნებისთვის", ხელისუფლებისთვის. თუ თქვენ აპროტესტებთ რუსულ ოკუპაციას ან უნივერსიტეტების ავტონომიის მიმართ არსებულ საფრთხეს, ჯარიმა შეიძლება იყოს 400-დან 1000 ლარამდე, ხოლო თუ თქვენ ფიზიკურად შეეხებით პოლიციელს, დეპუტატს, ქვებს ესვრით საპრეზიდენტო კორტეჟს, მაშინ თქვნი ჯარიმა 100 ლარია", - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანი თუ დაიჯერებს, რომ "გაუწონასწორებელი სუბიექტი კახა მიქაია" მართავს ამ აქციებს. როგორც დარჩიაშვილი აცხადებს, გუშინ ასობით ადამიანი ზუგდიდში მობილიზებული იყო როგორც "ქართული ოცნების" აქტივისტების მიერ, ასევე გამგეობის წარმომადგენლების ინიციატივით. დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მცირე ფულად ჯარიმასთან ერთად ასეთ აქციებში "შტურმავიკები" დაწინაურდნენ კიდეც.
"ყველაფერი ეს აჩვენებს, რომ წინასაარჩევნო გარემო არის უსამართლო. დღეს ბათუმშია დაგეგმილია "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერი და ჩვენი ინფორმაციით, იგივე ქმედებების განხორციელებას აპირებენ იგივე ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკურ ოპოზიციას დასდევენ", _ განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.