თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი მზადაა, გადარჩევის შემთხვევაში, საქმიანობა რიგითი დეპუტატის სტატუსით გააგრძელოს.
ამის შესახებ სამადაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა და განმარტა, რომ როგორც ისნის მაჟორიტარი დეპუტატი, რაიონის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს.
"26 ივლისის სხდომაზე დადგება თავმჯდომარის გადარჩევის საკითხი და ახალ უმრავლესობას არ უნდა გაუჭირდეს ამის გაკეთება. ამის მიუხედავად, მე საკრებულოში დავრჩები. მე ვარ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და გავაგრძელებ საქმიანობას. შევეცდები, ისნის მოსახლეობას დავეხმარო იმ პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც მათ აწუხებთ. ვიქნები რიგითი დეპუტატი", - განაცხადა სამადაშვილმა.
რაც შეეხება საკრებულოს მიერ თბილისის მერის იმპიჩმენტის პროცედურის შესაძლო დაწყების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, სამადაშვილის შეფასებით, ეს სრულიად არარეალურია.
"თბილისის მერი გიგი უგულავა არჩეულია დედაქალაქის მოქალაქეების მიერ და საკრებულოს არანაირი კანონიერი უფლება არ აქვს დააყენოს მისი იმპიჩმენტის საკითხი", - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.