სამართალდამცველებმა დღეს ზუგდიდში მიმდინარე აქციის 10 მონაწილე დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შსს-ს სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდში დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის 10 მონაწილე დააკავეს.
დაკავებულების მიმართ სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გააკეთა.
"პოლიცია იცავდა და იცავს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს იმისთვის, რომ არ დავუშვათ ექსცესები და ვუზრუნველყოთ მათი უსაფრთხოება. სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანის მხრიდან დაფიქსირდა ძალადობა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმარ. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ადამიანები იქნებიან დადგენილნი და სამაგალითოდ დასჯილები. ჩვენ ვთქვით და შევპირდით მოსახლეობას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ნამდვილად სამაგალითო. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისკენ. შესაბამისად, ჩვენ არ დავუშვებთ და ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ზუგდიდში დღეს "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის მორიგი ტურის დაწყების წინ, პარტიის მოწინააღმდეგეებმა საპრეზიდენტო კანდიდატებს ბოთლები და ქვები დაუშინეს.