ირაკლი ღარიბაშვილი – ყველა, ვისი მხრიდანაც

ირაკლი ღარიბაშვილი – ყველა, ვისი მხრიდანაც "ნაციონალების" წინააღმდეგ ძალადობა დაფიქსირდა, სამაგალითოდ დაისჯება

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა პირი, რომლის მხრიდანაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართ ძალადობას ჰქონდა ადგილი, გამოვლინდება და დაისჯება.

"პოლიცია იცავდა და იცავს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს იმისთვის, რომ არ დავუშვათ ექსცესები და ვუზრუნველყოთ მათი უსაფრთხოება. სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანის მხრიდან დაფიქსირდა ძალადობა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმარ. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ადამიანები იქნებიან დადგენილნი და სამაგალითოდ დასჯილები. ჩვენ ვთქვით და შევპირდით მოსახლეობას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ნამდვილად სამაგალითო. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისკენ. შესაბამისად, ჩვენ არ დავუშვებთ და ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, შს სამინისტრო გმობს და არ დაუშვებს ძალადობას.

"ჩვენ ვგმობთ და არ დავუშვებთ ძალადობას. ყველა ის პიროვნება იქნება სამაგალითოდ და ძალიან მკაცრად დასჯილი კანონის შესაბამისად", - აღნიშნა შს მინისტრმა.

ზუგდიდში დღეს "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის მორიგი ტურის დაწყების წინ, პარტიის მოწინააღმდეგებმა საპრეზიდენტო კანდიდატებს ბოთლები და ქვები დაუშინეს.