საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთში პოლიტიკური ცვლილებები გარდაუვალია. "გარდაუვალია, რომ იქ მოხდება ცვლილება. ეს ცვლილება მოხდება ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე წარმოგვიდგენია. რეალურად იმპერიალიზმის მსხვრევა გარდაუვალია. ალბათ, ის ჩანაცვლდება ნაციონალიზმით, მაგრამ ნაციონალიზმიც შეიძლება ჩვენთვის ნაკლებად საშიში იყოს მხოლოდ მოკლევადიანად. იმედია, საბოლოო ჯამში, რუსეთი თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბდება და მეზობლებისთვის ძალიან ადვილად საურთიერთობო გახდება. მთავარია მანამდე საქართველო იყოს ფორმაში და წელში გამართული. ვიქნებით თუ არა ჩვენ მზად და გავძლებთ თუ არა მანამდე? ეს ორი საკითხია, რასაც ქართულმა საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში სტუდენტებსა და ექსპერტებთან შეხვედრაზე.
მისივე აზრით, ჩვენ ასევე უნდა გავთავისუფლდეთ რუსეთთან დაკავშირებით არსებული ილუზიებისგან.
"რუსეთი არის ის, რაც არის. დღევანდელი მთავრობის პირობებში არ უნდა ველოდოთ სიტუაციის მკვეთრ ცვლას. უფრო მეტიც, სოჭის ოლიმპიადამდე შეიძლება კიდევ შეიკავოს თავი, მაგრამ წარმოიდგინეთ რა საფრთხე შეიძლება წარმოიქმნას სოჭის ოლიმპიადის შემდეგ. ამიტომ ჩვენ აღარ უნდა გავიმეოროთ იგივე შეცდომები, რაზეც 90-იან წლებში წავიდა შევარდნაძე. ყველა დოკუმენტი, რომელსაც მაშინ ხელი მოვაწერეთ, იყო ჩვენი გამანადგურებელი. რუსეთს აქვს თავისი კონკრეტული მიზნები", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.