პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შეხვდებიან.
ამის შესახებ ვაშინგტონში მყოფმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, შეხვედრა კალიფორნიაში მომავალ კვირას გაიმართება.
თედო ჯაფარიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ბევრ საინტერესო საკითხს, რაც საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს და ქვეყნის სამომავლო განვითარებას ეხება.
თედო ჯაფარიძის ინფორმაციით, კალიფორნიიდან იგი კვლავ ვაშინგტონში დაბრუნდება, სადაც შეხვედრებს განაგრძობს ამერიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან.
"ვიზიტის ფარგლებში შეერთებულ შტატებში გავმართეთ ბევრი საინტერესო შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარების საკითხებს და ორმხრივ ურთიერთობებს.
ამერიკელი პარტნიორები დაინტერესდნენ საქართველოში არსებული ვითარებით,"- განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
მისივე ინფორმაციით, მომავალ კვირას იგი შეხვედრას გამართავს კონგრესმენ ტერნერთანაც, რომლის ინიციატივითაც აშშ-ს თავდაცვის აქტში საქართველოს შესახებ ჩანაწერი შევიდა.
"მე კიდევ ერთხელ შევხვდები კონგრესმენ ტერნერს, რომელთანაც შეხვედრა ამ ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა. ამერიკული მხარისთვის საინტერესო იყო ჩვენი ხედვების და არგუმენტების მოსმენა. ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ამერიკულ მხარეს არ ქონდა სათანადო ინფორმაცია, ეს შეხვედრები, რომლებიც ჩვენ აშშ-ში გავმართეთ საჭირო იყო და მე მოხარული ვიქნები თუ მომავალში მსგავს შეხვედრებში მონაწილეობას ოპოზიციის წარმომადგენლებიც მიიღებენ, რამეთუ აქ საუბარი ეხება საქართველოს მომავალს და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაღრმავების საკითხებს," – აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.