საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის შესახებ ფარული ვიდეო მასალის არსებობას არ ადასტურებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, მას აქვს ინფორმაცია, რომ დავით ბაქრაძის შესახებ ფარული ვიდეო ჩანაწერი არ არსებობს.
"მე არ მინახავს დავით ბაქრაძის ვიდეო მასალა, ფიზიკურად დრო არ მქონდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩემი საქმე, რომ მე ვნახო და არც მაქვს ნახვის სურვილი. მე ვიცი, რომ იქ არაფერი არ არის დავით ბაქრაძეზე, თუმცა არ ვიცი საიდან აქვს მას ინფორმაცია", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ფარულ ვიდეომასალებს შორის მისი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიცაა. ამის შესახებ ბაქრაძემ გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა და იქვე განმარტა, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია იმ კომისიის ზოგიერთი წევრისგან მიიღო, რომელსაც აღნიშნულ ფირებთან შეხება ჰქონდა.