შს სამინისტროში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების პროცესი გაიწელა და მთავრობამ სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" წარმომადგენელმა ეკა გიგაურმა განუცხადა.
მან კომენტარი გააკეთა დავით ბაქრაძის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ფარულ ვიდეო მასალებში მისი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიცაა. როგორც გიგაურმა აღნიშნა, რაც უფრო დროში გაიწელება განადგურების პროცესი, მით უფრო ხშირი იქნება იმაზე საუბარი, რომ გარკვეულმა პირებმა ინფორმაცია მიიღეს და მონაწილეები არიან იმ ფირებისა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაცული.
"ეს პროცესი გაიწელა. მთავრობამ სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რას მოიმოქმედებს ამ ფირებთან მიმართებაში. ჩვენთვის მთავარია ზუსტად ვიცოდეთ ხელისუფლების დასაბუთება ამასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ეს შეიძლება იყოს გამოძიების ინტერესი, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რაც უზენაესია. ჩვენთვის მთავარია ზუსტად ვიცოდეთ ხელისუფლების დასაბუთება ამასთან დაკავშირებით", - განაცხდა ეკა გიგაურმა.