განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები - დავით ზურაბიშვილი, ქეთევან ნატრიაშვილი და ალუდა გოგლიჩიძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გამოსცა, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრს აღნიშნულს "მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და წესის შესახებ კანონი" ავალდებულებს, რომელიც ითხოვს, რომ მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას, ან სხვა საფუძველზე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას, მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნისთანავე უფლებამოსილება შეუწყდეთ.
ამავე კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ 18 ივლისს გამოცემული ბრძანებულებით, აღნიშნულ თანამდებობაზე თამარ სანიკიძე დაინიშნა, რომელსაც მანამდე უწყების ხელმძღვანელის – გიორგი მარგველაშვილის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.